ეროვნული თვითმმართველობა

( ამომრჩეველთა კავშირი )

წევრი
0002
LIVE
ka
en
ru
სიახლეები

რატომ ეროვნული თვითმმართველობა?

 

                               მთელ ცხოვრებას შიშში გაატარებ, ბოლოს კი გეტყვიან: ეგ მგელი კი არა, მხოლოდ მისი აჩრდილი იყოო. 

    მინდა ქართველ ერს მივმართო:

    მესამე ძალას ვეძებთ?

    ჩვენ, ხალხი, საქართველოს ამომრჩევლები ვართ ის მესამე ძალა, რომელსაც ვეძებთ. ხალხი ვართ ძალა, მაგრამ ძალად ვიქცევით, როცა გავერთიანდებით. ისე, ცალ-ცალკე მყოფ  და დაქსაქსულ ამომრჩევლებს, თავიანთი ინტერესების გასატარებლად გვიყენებენ სხვადასხვა პოლიტიკური ძალები.

    ჩვენი, ამომრჩევლების, ძალა, ერთობაშია!

    საბედნიეროდ, ქვეყანაში საღად მოაზროვნენი უმრავლესობაში ვართ, მაგრამ ვზარმაცობთ!

    არ გვჭირდება არცერთი პოლიტიკური პოლუსი. არ ავყვებით მათ თამაშს, არ ვითამაშებთ ,,მაგიდის ჩოგბურთის ბურთის როლს“, მათ ერთობლივად დადგმულ სპექტაკლებში.

    საჭიროა, ეროვნული სულისკვეთებით განმსჭვალულ  ამომრჩეველთა გაერთიანება და მათი საქმიანობის სწორი ორგანიზება, ქართველი ერის ეროვნული ინტერესების გასატარებლად და დასაცავად.

    ამ გზას და გეგმას გთავაზობთ!

    რა განსხვავებაა ჩვენსა და სხვა ახალ თუ ძველ პოლიტიკურ ძალებს შორის?

    1. პარტიის შექმნის ინიციატორი, მისი უპირობო ლიდერი და მუდმივი ხელმძღვანელი აღარ იქნება.

    2. ეს პროექტი არის, როგორც ქვეყნის სწორი განვითარების, ასევე, კარიერული წინსვლის გზა საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის. ის ყველას აძლევს შესაძლებლობას გახდეს ამა თუ იმ დონის პოლიტიკური ლიდერი თუ სამეურნეო ხელმძღვანელი.

    3. თითოეული დაინტერესებული ადამიანის წინსვლა დამოკიდებულია მის ნიჭზე და საზოგადოებისგან მისი მხარდაჭერის და ლიდერად აღიარების ხარისხზე, რაც სარეიტინგო ქულებში აისახება.

    4. შემოთავაზებული სისტემა გამორიცხავს ნეპოტიზმს - კადრების შერჩევას და დაწინაურებას ნაცნობობითა და ახლობლობით.

    5. ამომრჩევლები ჩვენ ხელში ვიღებთ პასუხისმგებლობას კადრების შერჩევაზე, მათი საქმიანობის კონტროლზე, ქვეყნის მართვაზე.

    6. ჩვენ ავაშენებთ ამომრჩევლის წინაშე პასუხისმგებლიან საზოგადოებას და სახელმწიფოს.

    7. ჩვენ შევქმენით სისტემა, წესების ერთობლიობა, რომლის მიხედვითაც, საქრთველოს თვითოეული მოქალაქე პოლიტიკური ორგანიზაციებისთვის, პარტიებისთვის საჭირო და დასაფასებელი იქნება არა მხოლოდ არჩევნების დღეს, არამედ მასთან ურთიერთობა და ამ ურთიერთობის მოფრთხილება მნიშვნელოვანი იქნება მუდმივად, ყოველ დღე.

    8. ეროვნული თვითმმართველობა (ამომრჩეველთა კავშირი) უზრუნველყოფს ხალხის, ამომრჩევლთა მუდმივ მონაწილეობას ქვეყნის მართვაში.

    9. ჩვენს მიერ შემოთავაზებული ახალი სისტემით ამომრჩევლები თვალ-ყურს ადევნებენ და აკონტროლებენ პოლიტიკოსთა და სამეურნეო ხელმძღვანელთა საქმიანობას და მათ მიერ ქართველი ერის ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო, შეუსაბამო საქციელის, თუ მოღვაწეობის შედეგად, მხარდამჭერებს შეუძლიათ, არჩევნებს შორის პერიოდში, ნებისმიერ დროს, გაითხოვონ უკან მათზე მინიჭებული სარეიტინგო ქულები, რაც კონკრეტული ხელმძღვანელის რეიტინგის ვარდნას გამოიწვევს და საზოგადოებაში და გაერთიანებაში განხილვის საგანი გახდება. შედეგად, პოლიტიკოსი თუ სამეურნეო ხელმძღვანელი, რომელიც საზოგადოების ნდობას ვერ გაამართლებს ჩამოქვეითდება ან წავა შესაბამისი ასპარეზიდან.

   10. ამომრჩევლები ვირჩევთ პოლიტიკურ და სამეურნეო ხელმძღვანელებს და მათ საქმიანობას მუდმივად ვაკონტროლებთ მათი სარეიტინგო ქულით.

   11. სარეიტინგო ქულაში აისახება საზოგადოების ნდობა.

         რეიტინგის დაცემა კარიერის დასრულების დასაწყისია.

         მცირდება შენი რეიტინგი, პასუხი მოგეთხოვება.

         რეიტინგი ციფრებში გადატანილი ხალხის ნდობაა.

   12. ვარჩევთ, ვირჩევთ და ვაკონტროლებთ.

         ჩვენ ამომრჩევლები ვნიშნავთ და ვათავისუფლებთ!

   13. გვჯერა, ჩვენს გვერდით ღირსეული ადამიანები დადგებიან.

         ახალი კადრები პოლიტიკაში!

         ახალი კადრები ქვეყნის მართვაში!

    ეროვნული თვითმმართველობის შინაარსის გარდა, გვინდა გაგაცნოთ ამ პროცესის დაწყების მიზეზები, მიზნები, ეროვნული თვითმმართველობის განხორციელების მექანიზმები, საზოგადოებისგან ნდობით აღჭურვილი, უნარიანი ადამიანების შერჩევის, მათი საქმიანობის ამომრჩეველისაგან კონტროლის და გადაცდომებზე პასუხის მოთხოვნის სრულიად ახალი პირობები და წესები.

   ეროვნული თვითმმართველობის განხორციელება ამომრჩეველთა გაერთიანების, კავშირის გზით, საშუალებას გვაძლევს ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებს, ამომრჩევლებს, ჩვენ თვითონ ვმართოთ ჩვენი ქვეყანა.

   ნუ შეგეშინდებათ საკუთარი ახალი სიტყვის და საკუთარი ნაბიჯების ხმის!

      ჩვენს ნებას, ჩვენს არჩევანს ითვისებენ.

      ჩვენ თავისუფლებისთვის ვიბრძოლებთ!

      ქართველი ერის ინტერესების აღსრულებისთვის ვიბრძოლებთ!

   ამრიგად, ჩვენ ვერთიანდებით:

       1. ახალი, ამომრჩევლების მიერ კონტროლირებული პოლიტიკოსების და ნიჭიერი, პატიოსანი, ქვეყნის, ერის მოყვარული, სამშობლოსათვის გულანთებული მამულიშვილების წარმოსაჩენად და სხვადასხვა დონის ლიდერებად და სამეურნეო ხელმძღვანელებად დასაწინაურებლად.

       2. საზოგადოების თითოეულ წევრს მიეცემა კარიერული წინსვლის საშუალება, საზოგადოებისაგან მისდამი ნდობის ხარისხის შესაბამისად, რაც მის რეიტინგში გამოიხატება.

       3. დავნერგოთ არჩევითობა და დემოკრატია ჯერ შიგნით პარტიაში, შემდეგ - ხელისუფლებაში.

       4. ქართველი დედები, ბებიები, ახალგაზრდები, საზღვარგარეთ არ გარბოდნენ სამუშაოს საძებნელად და კარიერის ასაწყობად. საქართველოდან შეწყდეს ქართული ტვინის, ნიჭის, სამუშაო ძალის და გენოფონდის უმოწყალო გადინება.

       5. საქართველოს ყველა რესურსი, მათ შორის, სამუშაო ძალა და ინტელექტუალური უნარები, მოხმარდეს ქართველი ერის ეროვნულ ინტერესებს, საქართველოს აღორძინებას, რაც უპირატესად ეკონომიკის აღორძინებით უნდა დაიწყოს. მის მნიშვნელობაზე და განხორციელების გზებზე კი შემდეგ წერილში მოგახსენებთ.

       ჩვენ გავიმარჯვებთ! 

       ჩვენთან არს ღმერთი!

 

           გიორგი

                 მჭედლიშვილი

                        პროექტის ავტორი და

                                საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელი