პოლიტიკური გაერთიანება
ეროვნული თვითმმართველობა
(ამომრჩეველთა კავშირი)
თავი I. ზოგადი დებულებანი
1.1 მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება ,,ეროვნული თვითმმართველობა (ამომრჩეველთა კავშირი)“, შემოკლებით ,,ეროვნული თვითმმართველობა” (შემდგომში - ,,გაერთიანება”), არის საერთო მსოფლმხედველობრივ და ორგანიზაციულ საფუძველზე ჩამოყალიბებული მოქალაქეთა ნებაყოფლობითი დამოუკიდებელი გაერთიანება, რომელიც შექმნილია საქართველოს კონსტიტუციის, „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის საფუძველზე და თავის საქმიანობას ანხორციელებს საქართველოს კანონმდებლობისა და ამ წესდების შესაბამისად.
1.2 გაერთიანების ოფიციალური სრული სახელწოდებაა: ქართული ენაზე - მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება ,,ეროვნული თვითმმართველობა (ამომრჩეველთა კავშირი)“, შემოკლებით - ,,ეროვნული თვითმმართველობა”, ინგლისურ ენაზე - Political Union of Citizens “National Self-Governance” (“Voters Union”), შემოკლებით - “National Self-Governance”.
1.3 გაერთიანების შექმნასა და საქმიანობას საფუძვლად უდევს შემდეგი პრინციპები:
1.3.1 გაერთიანებაში გაწევრიანებისა და გაერთიანებიდან გასვლის ნებაყოფლობითობა;
1.3.2 დამოუკიდებლობა და თვითმმართველობა;
1.3.3 არჩევითობა და ანგარიშვალდებულება;
1.3.4 კანონის წინაშე თანასწორობა;
1.3.5 საქმიანობის საჯაროობა;
1.4 გართიანება არის არასამეწარმეო იურიდიული პირი, აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, მრგვალი ბეჭედი, შტამპი, საანგარიშწორებო და სხვა ანგარიშები საბანკო დაწესებულებებში, უფლებამოსილია შეიძინოს ქონებრივი და არაქონებრივი უფლებები, იყოს მოსარჩლე და მოპასუხე სასამართლოში.
1.5 გაერთიანების სიმბოლოა თეთრ ფონზე მწვანე ფერში - საქართველოს რუქის კონტური წარწერით: ეროვნული თვითმმართველობა.
1.6 გაერთიანების იურიდიული მისამართია: საქართველო, ქ.გორი, ეკ. ჯუღაშვილის ქ. # 73.
თავი II.
გაერთიანების მიზნები და ამოცანები. გაერთიანების პროგრამა
2.1 საქართველოს სახელმწიფოებრიობის განმტკიცება, მისი პოლიტიკური, ეკონომიკური და ენერგეტუკული დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა, მყარი და უსაფრთხო განვითარების სტრატეგიის განხორციელება;
2.2 ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და მისი დაცვის უზრუნველყოფა ნებისმიერ პირობებში და მუდმივად;
2.3 ეროვნული ინტერესების და პრიორიტეტების განსაზღვრა საზოგადოებრივი ცხოვრების და ქვეყნის განვითარების ყველა მიმართულებით;
2.4 ეროვნული თვითმმართველობის ჩამოყალიბება და დამკვიდრება ქვეყნის მმართველობის ყველა დონეზე – ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხთა გადაწყვეტაში ამომრჩეველთა მუდმივი მონაწილეობა, რათა ერი უმრავლესობით, შესაბამისი მექანიზმებით, თვითონ წყვეტდეს და აკონტროლებდეს ვინ, როდის და რა უნდა გააკეთოს ქვეყნის განსავითარებლად და ეროვნული ინტერესების განსახორციელებლად;
შედეგად -
2.5 პასუხისმგებლიანი სამოქალაქო საზოგადოების დამკვიდრება და სრულყოფა;
2.6 ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა თავსებადობა და ჰარმონიზაცია ქართველი ერის ისტორიულ, სოციალურ-კულტურულ, ტრადიციულ, რელიგიურ თვითმყოფადობასთან და მათი დაცვის უზრუნველყოფა;
2.7 ქართველი ერი – ადამიანთა სოციალური, კულტურული, ისტორიული და პოლიტიკური ერთობის ფორმაა, რომელიც ისტორიის პროცესში იცვლებოდა და ვითარდებოდა და რომლის წევრებსაც შეგნებული აქვთ თავიანთი ერთიანობა და საერთო ინტერესები. საქართველო მრავალეროვნული ქვეყანაა. ჩვენი მიზანია დაცული იყოს თითოეული ეთნიკური ჯგუფის ინტერესები და გადაიჭრას მათი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ამოცანები;
2.8 ქართველი ერის გაერთიანება და ერთსულოვნების დამკვიდრება, დემოკრატიული საზოგადოების ჩამოყალიბების მიზნით;
2.9 როგორც საქართველოში, ისე მთელს მსოფლიოში, ქართული სახელმწიფოებრიობის, მისი კულტურის, ისტორიის, თვითმყოფადობის განმსაზღვრელი ტრადიციების მაღიარებელი და მხარდამჭერი ადამიანების ან ადამიანთა ჯგუფების, საზოგადოებრივი და პოლიტიკური ორგანიზაციების ძალისხმევის გაერთიანება და მათზე მუდმივი ზრუნვა, საქართველოს ეროვნული ინტერესების განსახორციელებლად და დასაცავად;
2.10 ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის დაცვა. ქართული, როგორც სახელმწიფო ენის სიწმინდეზე ზრუნვა და მისი განვითარების უზრუნველყოფა;
2.11 თითოეული ადამიანის თვითგანვითარების უზრუნველყოფა ცხოვრების მაღალი დონისა და ხარისხის საფუძველზე;
2.12 დემოგრაფიული უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
2.13 ინდუსტრიული და პოსტინდუსტრიული საზოგადოების ჩამოყალიბება, ცოდნის ეკონომიკის დამკვიდრება:
2.13.1 ქვეყნის რესურსების (ადამიანური, ბუნებრივი და სხვა) მაქსიმალურად გამოყენება ეკონომიკური პოტენციალის და შედეგად, ეკონომიკის გაზრდის მიზნით, რაც მოსახლეობის ცხოვრების დონის გაზრდაში და კეთილდღეობის ამაღლებაში უნდა გამოიხატოს;
2.13.2 საქართველოში წარმოებული საქონლის და გაწეული მომსახურების კონკურენტუნარიანობის უზრუნველყოფა შიდა და საერთაშორისო ბაზრებზე;
2.13.3 ქვეყნის შიდა ბაზრის შექმნა და დაცვა;
2.13.4 ეროვნული ვალუტის – ქართული ლარის კონვერტირებად ვალუტად გადაქცევის დროში გაწერილი გეგმის შემუშავება და განხორციელება;
2.13.5 საქართველოს საგარეო ვაჭრობის დადებითი სალდოს, როგორც მაკროეკონომიკური პარამეტრების, ასევე, ეროვნული ვალუტის სტაბილურობის და მისი კონვერტირებადობის მიღწევის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორის, მიღწევის დროში გაწერილი გეგმის შემუშავება და განხორციელება;
2.13.6 მაკროეკონომიკური სტაბილურობის განმსაზღვრელი და მარეგულირებელი ფინანსური და ეკონომიკური ინსტრუმენტების და ინტიტუტების შექმნა და განვითარება.
2.14 რეფორმების გატარება ქვეყნის პოლიტიკური, სამართლებრივი, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული ცხოვრების ყველა სფეროში, ქართველი ერის ეროვნული ინტერესების დაცვის, განხორციელების და განვითარების მიზნით.
2.15 გაერთიანება საქმიანობას ახორციელებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე კანონმდებლობით ნებადართული ფორმების გამოყენებით.
თავი III.
გაერთიანების წევრობა
3.1 გაერთიანების წევრი შეიძლება გახდეს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე, რომელიც აღიარებს გაერთიანების წესდებას, პროგრამას და სურვილი აქვს მონაწილეობა მიიღოს გაერთიანების საქმიანობაში;
3.2 გაერთიანების წევრობას ადასტურებს გაერთიანების მოწმობა ან გაერთიანების შესაბამისი სტრუქტურების მიერ გაცემული ცნობა გაერთიანების წევრობის შესახებ;
3.3 გაერთიანების წევრად მიღება ხდება პირადი განცხადების საფუძველზე გაერთიანების ცენტრალური სამდივნოს, ტერიტორიული ორგანიზაციების მიერ. გაერთიანებაში გასაწევრიანებლად: ა) საქართველოს მოქალაქე ავსებს გაერთიანების ვებგვერდზე ან ტერიტორიულ ორგანიზაციაში განაცხადის ფორმას, რომელშიც სხვა ინფორმაციასთან ერთად, უთითებს გაერთიანების იმ წევრის სახელს, გვარს და პირად ნომერს, ვისაც უნდა მიანიჭოს ერთი სარეიტინგო ქულა; ბ) შევსებულ განაცხადს, პირველ რიგში, განიხილავს განმცხადებლისგან ერთი სარეიტინგო ქულის მიღების კანდიდატი და მისი თანხმობის შემთხვევაში, განმცხადებლის განაცხადის განხილვა გაგრძელდება გაერთიანების შესაბამის სამსახურებში; გ) გაერთიანებაში გაწევრიანების მსურველს პასუხი ეცნობება, გაწევრიანებაზე განაცხადის შევსებიდან, მაქსიმუმ 60 კალენდარული დღის ვადაში.
3.4 გაერთიანების შესაბამისი ორგანოები, არაუმეტეს ორი თვისა, განიხილავენ წევრობის მსურველის განცხადებას და გადასცემენ მას შესაბამის დოკუმენტაციას ან გაწევრიანებაზე უარს. უარი შესაძლოა გასაჩივრდეს გაერთიანების დარბაზში, რომელმაც საჩივარი უნდა განიხილოს უახლოეს სხდომაზე;
3.5. გაერთიანების წევრს უფლება აქვს:
3.5.1. მონაწილეობა მიიღოს გაერთიანების საქმიანობაში;
3.5.2. საკუთარი სარეიტინგო ქულის შესაბამისად მონაწილეობა მიიღოს შიდაპარტიულ არჩევნებში:
3.5.2.1 100-ზე მეტი სარეიტინგო ქულის მქონე დასახელდეს, აგრეთვე, დაასახელოს გაერთიანების და საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების, სხვა შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელობის იმდენი კანდიდატი შიდა პარტიულ არჩევნებში, რამდენ მთელ რიცხვჯერაც მის სარეიტინგო ქულაში მოთავსდება რიცხვი 100;
3.5.2.2 200-ზე მეტი სარეიტინგო ქულის მქონე დასახელდეს, აგრეთვე, დაასახელოს გაერთიანების და საქართველოს რეგიონული თვითმმართველობის და მმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების, სხვა შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელობის იმდენი კანდიდატი შიდა პარტიულ არჩევნებში, რამდენ მთელ რიცხვჯერაც მის სარეიტინგო ქულაში მოთავსდება რიცხვი 200;
3.5.2.3 300-ზე მეტი სარეიტინგო ქულის მქონე დასახელდეს, აგრეთვე, დაასახელოს გაერთიანების და საქართველოს უმაღლესი წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების, ასევე, სხვა შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელობის იმდენი კანდიდატი შიდა პარტიულ არჩევნებისთვის, რამდენ მთელ რიცხვჯერაც მის სარეიტინგო ქულაში მოთავსდება რიცხვი 300;
3.5.2.4 კანდიდატურის დამსახელებელი პასუხისმგებელია მის მიერ დასახელებული კანდიდატის არჩევის, დამტკიცების შემდგომ, მისი საქმიანობის შედეგებზე, საკუთარი სარეიტინგო ქულით. პასუხისმგებლობის ხარისხს და ზომას განსაზღვრავს გაერთიანების დარბაზი;
3.5.3 წესდებით განსაზღვრული წესის შესაბამისად მონაწილეობა მიიღოს ნებისმიერი საკითხის განხილვასა და გადაწყვეტაში;
3.5.4 მიიღოს ინფორმაცია გაერთიანების და მისი ორგანოების საქმიანობას შესახებ;
3.5.5 დადგენილი წესით ისარგებლოს გაერთიანების კუთვნილი ქონებით;
3.5.6 განცხადების საფუძველზე შეაჩეროს წევრობა გაერთიანებაში;
3.5.7 თავისუფლად გავიდეს გაერთიანებიდან;
3.6 გაერთიანების წევრი მოვალეა:
3.6.1 აქტიური მონაწილეობა მიიღოს გაერთიანების საქმიანობაში;
3.6.2 შეასრულოს გაერთიანების ხელმძღვანელი ორგანოების გადაწყვეტილებები;
3.6.3 გადაიხადეს საწევრო შესატანი;
3.7 გაერთიანების წევრის დისციპლინური პასუხისგებლობის (გაფრთხილება, საყვედური) საკითხებს იხილავს და წყვეტს გაერთიანების შესაბამისი სტრუქტურა (ადგილობრივი, რეგიონალური ორგანიზაცია, სამდივნო, დარბაზი). დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს გაერთიანების დარბაზში. მხოლოდ დარბაზია უფლებამოსილი გაერთიანების შესაბამისი სტრუქტურის წარდგინებით მიიღოს გადაწყვეტილება პირის გაერთიანების წევრობიდან გარიცხვის თაობაზე;
3.8 გაერთიანების ცენტრალური სამდივნო და ტერიტორიული ორგანიზაციები აწარმოებენ გაერთიანების მხარდამჭერთა რეგისტრაციას. რეგისტრირებულ მხარდამჭერებს უფლება აქვთ მიიღონ ინფორმაცია გაერთიანების ყველა სტრუქტურის მუშაობის შესახებ, აგრეთვე, გაერთიანების საპროგრამო დოკუმენტებისა და საკანონმდებლო ინიციატივების (წინადადებების) პროექტების შესახებ, მიიღონ მონაწილეობა მათ შემუშავებასა და განხილვაში.
თავი IV.
სარეიტინგო ქულის გამოთვლის (დაგროვების) წესი
4.1. გაერთიანების წევრი ერთ სარეიტინგო ქულას ანიჭებს ამავე გაერთიანებას რომელიმე წევრს (,,სუბიექტი“), რომლის თაობაზეც თანხმობას წერილობით ადასტურებს გაერთიანებაში გაწევრიანების განცხადებაში ან სხვა შესაბამის დოკუმენტში, ხოლო 0,1 სარეიტინგო ქულა ენიჭება ,,სუბიექტისაგან“ ერთი სარეიტინგო ქულის მიმღებ გაერთიანების წევრს;
4.2. გაერთიანების წევრს უფლება აქვს მისგან გაცემული ერთი სარეიტინგო ქულა, წერილობითი განცხადების საფუძველზე, გადასცეს გაერთიანების სხვა ,,სუბიექტს“ ან გაითხოვოს გაერთიანებიდან სხვა სუბიექტზე გადაცემის გარეშე. შესაბამისად, შეიცვლება 0,1 სარეიტინგო ქულის მიმღები “სუბიექტები“;
4.3. გაერთიანების დარბაზის გადაწყვეტილების შესაბამისად, გაერთიანების წევრი, მისგან ერთი სარეიტინგო ქულის მიმღებს, სხვადასხვა სახის ღონისძიებებში მონაწილეობით მატებს ქულათა გარკვეულ რაოდენობას, ხოლო არ მონაწილეობით - აკლებს;
4.3.1. 0,1 ქულას მატებს გაერთიანების ადგილობრივ ღონისძიებებში მონაწილეობით, ხოლო ყოველ ორ ღონისძიებაში არ მონაწილეობით აკლებს 0,1 ქულას.
4.3.2. 0,2 ქულას მატებს გაერთიანების რეგიონულ ღონისძიებებში მონაწილეობით, ხოლო ყოველ ოთხ ღონისძიებაში არ მონაწილეობით აკლებს 0,2 ქულას.
4.3.3. 0,3 ქულას მატებს გაერთიანების რესპუბლიკურ ღონისძიებებში მონაწილეობით, ხოლო ყოველ ათ ღონისძიებაში არ მონაწილეობით აკლებს 0,3 ქულას.
4.4 გაერთიანების დარბაზის გადაწყვეტილებით ცალკეული ღონისძიებებისათვის შეიძლება დაწესდეს სარეიტინგო ქულების ცვლილებების განსაკუთრებული წესები.
თავი V.
გაერთიანების ორგანიზაციული სტრუქტურა
5.1. გაერთიანების უმაღლესი ხელმძღვანელი ორგანოა - გაერთიანების ყრილობა;
5.2. ყრილობებს შორის პერიოდში გაერთიანების უმაღლესი ხელმძღვანელი ორგანოა - ,,გაერთიანების დარბაზი” (შემდგომში „დარბაზი”);
5.3. გაერთიანების მაკონტროლებელი ორგანოა - ,,გაერთიანების საზედამხედველო კომისია” (შემდგომში ,,კომისია”);
5.4 გაერთიანების სტრუქტურაში შეიძლება შეიქმნას განყოფილებები, რომელთა შექმნის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს დარბაზი. გაერთიანების განყოფილებები მოქმედებენ საკუთარი დებულებისა და პროგრამის საფუძველზე, რომლებიც არ ეწინააღმდეგებიან გაერთიანების წესდებას და პროგრამას;
5.5 დარბაზის გადაწყვეტილებით იქმნება გაერთიანების ახალგაზრდული, ტერიტორიული და ადგილობრივი (საუბნო) ორგანიზაციები;
5.6. განყოფილებების, ტერიტორიული და ადგილობრივი ორგანიზაციების შექმნის, რეორგანიზაციის და ლიკვიდაციის წესს განსაზღვრავს დარბაზი.
6.1. გაერთიანების უმაღლესი ხელმძღვანელი ორგანოა გაერთიანების ყრილობა, რომელიც მოიწვევა ოთხ წელიწადში ერთხელ მაინც. გაერთიანების რიგით ყრილობას იწვევს გაერთიანების თავმჯდომარე;
6.2. ყრილობაზე მოსაწვევ დელეგატთა რაოდენობას (არანაკლებ 300 დელეგატისა) და მათი არჩევის წესს, თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს დარბაზი;
6.3. ყრილობა უფლებამოსილია თუ მას ესწრება დელეგატთა ნახევარზე მეტი, ხოლო გადაწყვეტილება მიიღება ყრილობაზე დამსწრეთა ხმების უმრავლესობით;
6.4. ყრილობის განსაკუთრებულ უფლებამოსილებაა გაერთიანების წესდების მიღება, მასში ცვლილებების და დამატებების შეტანა, დარბაზის წარდგინებით გაერთიანების თავმჯდომარის, აღმასრულებელი მდივნის, თავმჯდომარის მოადგილეების არჩევა, აღმასრულებელი და მაკონტროლებელი ორგანოების წევრთა არჩევა, დარბაზის და საზედამხედველო კომისიის ანგარიშის მოსმენა, გაერთიანების რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის, აგრეთვე, საქართველოს კანონმდებლობით და წესდებით გათვალისწინებული სხვა საკითხების გადაწყვეტა;
6.5. გაერთიანების რიგგარეშე ყრილობა მოიწვევა გაერთიანების თავმჯდომარის მიერ საკუთარი ინიციატივით, დარბაზის ან გაერთიანების წევრთა ერთი მესამედის მოთხოვნის საფუძველზე;
6.6. გაერთიანების აღმასრულებელი ორგანოა ,,გაერთიანების დარბაზი”, რომელიც ირჩევა ყრილობაზე ოთხი წლის ვადით;
6.7. დარბაზის შემადგენლობაში შედიან გაერთიანების თავმჯდომარე და მისი ორი მოადგილე, გაერთიანების აღმასრულებელი მდივანი, ყრილობის მიერ არჩეული დარბაზის ათი წევრი, გაერთიანების ახალგაზრდული ორგანიზაციის დარბაზის თავმჯდომარე. გაერთიანების ტერიტორიული ორგანიზაციების, ცალკეული განყოფილებების და სამსახურის ხელმძღვანელებს შეუძლიათ დარბაზის სხდომებს დაესწრონ სათათბირო ხმის უფლებით;
6.8. დარბაზის სხდომებს ხელმძღვანელობს გაერთიანების თავჯდომარე ან მისი დავალებით დარბაზის რომელიმე წევრი. დარბაზის სხდომები იმართება თვეში ერთხელ მაინც, რომელსაც იწვევს გაერთიანების თავმჯდომარე. დარბაზის რიგგარეშე სხდომას იწვევს გაერთიანების თავმჯდომარე საკუთარი ინიციატივით, აღმასრულებელი მდივნის, დარბაზის წევრთა ერთი მესამედის ან გაერთიანების ცალკეული განყოფილების და სამსახურის ხელმძღვანელის მოთხოვნით;
6.9. დარბაზი უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი. დარბაზი გადაწყვეტილებებს იღებს დარბაზის სხდომაზე დამსწრე წევრთა უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია თავმჯდომარის ხმა;
6.10. დარბაზის კომპეტენციას განეკუთვნება:
6.10.1 გაერთიანების სახელით მიმართვების, განცხადებების, გაერთიანების მიმდინარე საქმიანობის შესახებ ცალკეული გადაწყვეტილებების მიღება;
6.10.2 გაერთიანების თამჯდომარის წარდგინებით გაერთიანების ტერიტორიული ორგანიზაციების ჩამოყალიბების თაობაზე გადაწყვეტილებების მიღება;
6.10.3 გაერთიანების თავმჯდომარის წარდგინებით გაერთიანების ცენტრალური სამდივნოს სტრუქტურისა და დებულების, გაერთიანების განყოფილებების და სამსახურების, ტერიტორიული ორგანიზაციების დებულებების დამტკიცება;
6.10.4 გაერთიანების ცალკეული განყოფილებების და სამსახურის შექმნის შესახებ გადაწყვეტილების მიღება;
6.10.5 გაერთიანების თავმჯდომარის წარდგინებით ტერიტორიული ორგანიზაციების მუშაობის შეჩერებისა და რეორგანიზაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღება;
6.10.6 გაერთიანების ბიუჯეტის დამტკიცება. გაერთიანებაში საწევრო გადასახადის დადგენა და გადახდის წესის დამტკიცება;
6.10.7 გაერთიანების სახელით სხვადასხვა დოკუმენტების შემუშავება-მიღების მიზნით ფორუმების, კონვენტების და სხვა შეკრებების შესახებ გადაწყვეტილებების მიღება;
6.10.8 საჭიროების შემთხვევაში, უახლოესი ყრილობის მოწვევამდე, აღმასრულებელი მდივნის მოვალეობის შემსრულებლის არჩევა;
6.10.9 დარბაზის წევრს უფლებამოსილება უწყდება გაერთიანების ყრილობის მიერ დარბაზის ახალი შემადგენლობის არჩევის, გაერთიანების წევრობის შეწყვეტის, გადადგომის ან გარდაცვალების მომენტიდან;
6.10.10 დარბაზს უფლებამოსილება უწყდება ყრილობის მიერ დარბაზის ახალი შემადგენლობის არჩევის ან დარბაზის შემადგენლობის 7 (შვიდ) წევრამდე შემცირების მომენტიდან.
6.11 გაერთიანების მიმდინარე საქმიანობას ხელმძღვანელობს გაერთიანების თავმჯდომარე, რომელიც აირჩევა გაერთიანების ყრილობის მიერ 4 (ოთხი) წლის ვადით. გაერთიანების თავმჯდომარე პროგრამის, წესდების და სხვა დოკუმენტების საფუძველზე:
6.11.1 ხელმძღვანელობს დარბაზის საქმიანობას და თავმჯდომარეობს მის სხდომებს;
6.11.2 წარმოადგენს გაერთიანებას საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ, არის პარტიის ზოგად და სპეციალურ წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი;
6.11.3 კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ბრძანებებს. საქართველოს კანონმდებლობით და ამ წესდებით დადგენილი წესით განკარგავს გაერთიანების ფულად სახსრებს და ქონებას.;
6.11.4 ხელს აწერს გაერთიანების ყრილობის და დარბაზის გადაწყვეტილებებს;
6.11.5 ამტკიცებს ტერიტორიული ორგანიზაციების კონფერენციების შედეგებს, შესაბამისი ორგანიზაციების კონფერენციების მიერ არჩეულ თავმჯდომარეებს. იღებს გადაწყვეტილებას მათი თანამდებობიდან განთავისუფლების შესახებ, რასაც აცნობებს დარბაზს;
6.11.6 გაერთიანების სახელით აკეთებს პოლიტიკურ განცხადებებს და მიმართვებს; გაერთიანების აღმასრულებელი მდივნის წარდგინებით ამტკიცებს ცენტრალური სამდივნოს საშტატო განრიგს;
6.11.7 ნიშნავს და ათავისუფლებს გაერთიანების მდივნებს;
6.11.8 საჭიროების შემთხვევაში თავისი უფლებამოსილების ნაწილს გადასცემს მოადგილეებს;
6.11.9 გაერთიანების თავმჯდომარეს ჰყავს ორი მოადგილე, რომლებსაც თავმჯდომარის წარდგინებით თავისი შემადგენლობიდან ირჩევს გაერთიანების ყრილობა. გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილეები ასრულებენ თავმჯდომარის მიერ განსაზღვრულ ფუნქციურ მოვალეობებს;
6.12 გაერთიანების აღმასრულებელ მდივანს ირჩევს ყრილობა 4 (ოთხი) წლის ვადით. გაერთნების აღმასრულებელი მდივანი:
6.12.1 წარმართავს გაერთიანების ორგანიზაციულ საქმიანობას;
6.12.2 ხელმძღვანელობს გაერთიანების ცენტრალურ სამდივნოს და კოორდინაციას უწევს სხვა სტრუქტურების მიმდინარე საქმიანობას;
6.12.3 წარუდგენს თავმჯდომარეს წინადადებებს გაერთიანების მდივნების თანამდებობაზე დანიშვნის და განთავისუფლების შესახებ;
6.12.4 გაერთიანების თავმჯდომარესთან შეთანხმებით დარბაზს დასამტკიცებლად წარუდგენს გაერთიანების ბიუჯეტს;
6.12.5 ტერიტორიული ორგანიზაციების წარდგინებით ნიშნავს და ათავისუფლებს ტერიტორიული ორგანიზაციების მდივნებს;
6.12.6 უზრუნველყოფს ყრილობის, დარბაზის სხდომების ორგანიზებას, აგრეთვე, ყრილობის, დარბაზის და თავჯდომარის გადაწყვეტილებების აღსრულებას;
6.13. ,,გაერთიანების საზედამხედველო კომისია” წარმოადგენს გაერთიანების მაკონტროლებელ ორგანოს, რომლის შემადგენლობა აირჩევა გაერთიანების ყრილობის მიერ 4 (ოთხი) წლის ვადით 7 (შვიდი) წევრის შემადგენლობით;
6.14. საზედამხედველო კომისია თავისი შემადგენლობიდან ირჩევს საზედამხედველო კომისიის თავმჯდომარეს, მოადგილესა და მდივანს;
6.15 საზედამხედველო კომისია უფლებამოსილია თუ მას ესწრება საზედამხედველო კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი. საზედამხედველო კომისია გადაწყვეტილებას იღებს სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია თავმჯდომარის ხმა;
6.16 საზედამხედველო კომისია უფლებამოსილია განახორციელოს გაერთიანების საფინანსო-საბუღალტრო დოკუმენტების რევიზია, გაერთიანების საქმიანობის კონტროლი, გაერთიანების წევრთა და მათი სარეიტინგო ქულების აღრიცხვის კონტროლი, გაერთიანების მხარდამჭერთა აღრიცხვის კონტროლი, აგრეთვე, გაერთიანების წესდებით და ყრილობის გადაწყვეტილებებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებები;
6.17 საზედამხედველო კომისია თავისი საქმიანობის შესახებ ანგარიშს წარუდგენს გაერთიანების ყრილობას, წელიწადში ერთხელ დარბაზს, ყოველთვიურ ანგარიშს გაერთიანების თავმჯდომარეს;
6.18 გაერთიანების ხელმძღვანელი ორგანოების გადაწყვეტილებების განხორციელების მიზნით, გაერთიანებაში ფუნქციონირებს გაერთიანების ცენტრალური სამდივნო, რომელიც უზრუნველყოფს გაერთიანების ორგანიზაციულ-ტექნიკურ მომსახურებას და საქმის წარმოებას. გაერთიანების ცენტრალური სამდივნოს მოვალეობაა ხელი შეუწყოს გაერთიანების თავმჯდომარესა და ხელმძღვანელ ორგანოებს, განახორციელონ საქართველოს კანონმდებლობითა და ამ წესდებით განსაზღვრული უფლებამოსილებანი.
თავი VIII.
გაერთიანების საქმიანობის შეწყვეტა, რეორგანიზაცია, თვითლიკვიდაცია
8.1 გაერთიანების საქმიანობა წყდება მისი რეორგანიზაციით ან ლიკვიდაციით, რაც შეიძლება მოხდეს გაერთიანების ყრილობის გადაწყვეტილებით და/ან კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით;
8.2 ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება ნაწილდება სალიკვიდაციო კომისიის მიერ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
თავი IX. წესდების შეცვლის წესი
9.1 წესდების შეცვლა, მასში ცვლილებების და დამატებების შეტანა შეუძლია მხოლოდ გაერთიანების ყრილობას.